Shalva OgbandzeSmartBox: გამარჯობათ, ავტომოყვარულები ყველა ძალიან კარგად გიცნობთ, თუმცა მათთვის ვისაც არ ჰქონია ახლო შეხება საავტომობილო სფეროსთან, მოკლედ მოგვიყევით თუ რა გამოცდილების დაგროვება მოასწარით თქვენი მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში

პროფესიისთ გახლავართ ავტოინჟინერი, სპეციალობით ავტომობილისტი და ინჟინერ-მექანიკოსი. სწავლა ასპირანტურაში განვაგრძე და ამავდროულად გახლავართ თექნიკი მეცნიერებათა დოქტორი. ჩემი კვლევები შეეხებოდა აირტურბინული ჩაბერვით(ტურბოკომპრესორით) შიგაწვის ძრავების ტექნიკურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური პარამეტრების გაუმჯობესებას. მაქვს რამდენიმე გამოგონებაც. დიდი გამოცდილება შევიძინე მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის კარბურატორიანი ძრავების განყოფილებში მუშაობის პერიოდში. შემდეგ იყო ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის-საქართველოს საავტომობილო ფედერაციის(რომლის პრეზიდენტიც გახლავართ ამჟამად) შექმნა. მე შევეცადე ავტოსპორტისთვის დამებრუნებინა მისი ძირითადი სოციალური ფუნქცია: ავტოსპორტის მეშვეობით ჩვენს გზებზე უსაფრთხოდ მოძრაობის კულტურის პოპულარიზაცია და დანერგვა, “BMW-ს თაობის”  ახალგზარდებისთვის ქუჩის  საშუქნიშნე რბოლის სანაცვლოდ რუსთავის ავტოდრომზე გადანაცვლება, უსაფრთხოების ღვედების პოპულარიზაცია, ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების პოპულარიზაცია, მართვის(მათ შორის-ექსტრემალური მართვის) დაოსტატების ქართული სკოლის შექმნა, ავტომრბოლების ახალი თაობის აღზრდა და ა.შ.

SmartBox: უკანსკნელი წლების განმავლობაში ძალიან დიდი სისწრაფით იზრდება ქალაქში მანქანების რაოდენობა და საცობებში დღის თითქმის ყველა მონაკვეთში ვხვდებით, განსაკუთრებით კი საღამოს, რას გვეტყვით, არის თუ არა მანქანების დიდი რაოდენობა გადამწყვეტი ფაქტორი და რა გზებით შეიძლება განიტვირთოს ქალაქი?

ავტოპარკის ზრდა საცობების ერთერთი ფაქტორია და არა-ერთადერთი. მიმაჩნია, სიტყვა ,,დატრანსპორტო საცობი’’ ტექნიკური სლენგია და რეალურად ეს არის საგზაო მოძრაობის ორგანიზაციის სფეროში დაგროვილი პრობლემების ერთგვარი სარკე. ვიტყვი იმას, რომ საცობს ორი მიზეზი აქვს: ობიექტური(მოძველებული ავტოპარკი, დედაქალაქში ავტომობილების დიდი კონცენტრაცია, ვიწრო ქუჩები, თბილისის ლანდშაფტი) და სუბიექტური. სუბიექტურ ფაქტორებში მხედველობაში მაქვს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემის და მოძრაობის ორგანიზაციის სფეროს სუსტი და არაკოორდინირებული მენეჯმენტი. ანუ, შუქნიშანი(ანუ, საშუქნიშნე მეურნეობის მართვა) ,,ეკუთვნის’’ მერიის ერთ-ერთ სამსახურს, ხის ტოტი, რომელიც ზღუდავს ამ შუქნიშანს-სხვა სამსახურს, ელექტრობოძი, რომელზეც ჰკიდია ეს შუქნისანი-სხვა სამსახურს, გზის საფარის ხარისხი-სხვა სამსახურს, ახდილი ჭა-,,ეკუთვნის’’ ან კერძო სტრუქტურას (GWP, სხვადსხვა ინტერნეტ-პროვაიდერები), ან თბილისის კონკრეტულ სამსახურს, გზების მონიშვნა და საგზაო ნიშნების დადგმა ევალება სულ სხვა სამსახურს და შედეგებიც სახეზეა. ამას დაუმატეთ  ავტობუსების და ,,ყვითელი მიკროავტობუსების’’ მარშრუტების თანხვედრა, მათი გაუმართაობა, არაკომფორტული პირობები, ტაქსების ზოზინი პირველ რიგში….მიმაჩნია, რომ სასწრაფოდ შესამუშავებელია სატრანსპორტო სისტემაში(სექტორში) სამოქმედო  გეგმა, ერთგვარი სტრატეგია… უმოქმედობა მხოლოდ ამძიმებს სიტუაციას.

SmartBox: ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში იკრძალება ტროტუარებზე პარკირება. რა დადებით და რა უარყოფით მხარეებს ხედავთ ამ ინიციატივაში, და როგორ შეაფასებდით?

დავესესხოთ ფრანგულს:

ტროტუარი, ფრანგულად trottoir, სიტყვა-სიტყვით ქართულად ნიშნავს ,,ადგილს ნაბიჯებით სიარულისთვის’’. ალბათ გასაგებია, ხომ? ავტომობილის გაჩერება ტროტუარზე  შესაძლებელია სპეციალური ნიშნით და მონიშვნით გამოყოფილ ადგილზე, მაგრამ ეს არის გამონაკლისი და არა-წესი.

მოკლედ: ტროტუარი ეკუთვნის ქვეითს.

SmartBox: ხშირად, გზებზე პრობლემებს არა მოძრაობის წესები ან შუქნიშნის გაუმართაობა, არამედ მძღოლების დაუდევარი საქციელი იწვევს. რა რჩევას მისცემდით ქართველ მძღოლებს, და როგორ ფიქრობთ, სიფრთხილე აკლიათ მათ თუ პროფესიონალიზმი?

მე ვიტყოდი, რომ აკლიათ სამძღოლო კულტურა. სად და როგორ ყალიბდება სამძღოლო კულტურა? მხოლოდ და მხოლოდ მაღალკვალიფიციურ პედაგოგ-ინსტრუქტორთან ურთიერთობით და სწავლების პროცესით. გვინახავს ადამიანები, რომლებმაც გარკვეული ცოდნა მიიღეს კომპიუტერული სწავლებით, მაგრამ რატომ მიჰყავთ ბავშვი სკოლაში? რატომ არ ყიდულობენ მისთვის უბრალოდ კარგ კომპიუტერს? განა კომპიუტერთან ურთიერთობა შეცვლის პედაგოგიკას? დასკვნა: კომპიუტერული სწავლება იძლევა გარკვეულ ცოდნას, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეცვლის პედაგოგ-ინსტრუქტორის მიერ რეალურ გზებზე სიარულით შეძენილ სწორ უნარ-ჩვევებს.