ახალი, მეექვსე თაობის „მუსტანგის“ ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდიფიკაცია, ამ ავტომობილის 50 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შეზღუდული ვერსიაა, რომელიც მხოლოდ 1964 ცალი გაიყიდება. ამ იშვიათი ეგზემპლარებიდან ბოლო კი ახლახანს ლას ვეგასში, ბარეტ-ჯეკსონის აუქციონზე, 170 000 დოლარად გაიყიდა. ეს კი სამჯერ მეტია ამ ავტომობილის ფასზე. ავტომობილის გაყიდვით მიღებული თანხა, ედიტ და ბენსონ ფორდის გულის და სისხლძარღვთა ინსტიტუტის კვლევების დაფინანსებას მოხმარდება.

აუქციონზე სასურველი ავტომობილისთვის ვაჭრობა მაღალი კონკურენციის პირობებში გაიმართა. შეთავაზებული თანხა ძალიან სწრაფად იცვლებოდა, საბოლოოდ კი გამარჯვებას ვინმე ჯეკ ფეარჩაილდმა მიაღწია. სანცვლოდ კი მან „მუსტანგ GT-ს“ ფასტბეკის ძარიანი ვერსია მიიღო, რომელიც სპორტული აღჭურვილობითაც გამოირჩევა.

მისი სერია კოიოტის 5.0-ლიტრიანი V8 ძრავი 435 ცხენის ძალას და 541 ნიუტონმეტრს იძლევა. გარდა ამისა, მის ეკიპირებაში შედს ყველა ის სისტემა, რომლებსაც „ფორდი“ ახალი „მუსტანგის“ მყიდველს სტანდარტული შესრულებითაც სთავაზობს და ოპციის სახითაც. რაც შეეხება ფერს, არჩევანში მხოლოდ ორია – „კონას ლურჯი“ (კონა დასახლებაა ჰავაის დიდ კუნძულზე) და „უიმბლდონის თეთრი“ (დიდი სლემის ტურნირი ჩოგბურთში, სადაც მხოლოდ თეთრი ფერის ფორმებით თამაშობენ). მყიდველის ასარჩევია ასევე ტრანსმისიაც – 6-საფეხურიანი მექანიკური, თუ ამდენივე საფეხურიანი ავტომატური.