დეტროიტის მოტორ შოუს დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საავტომობილო მედიაში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ფორდი“ საგამოფენოდ სუპერ ავტომობილს ამზადებს. მხოლოდ ვარაუდით შეიძლებოდა იმის თქმა, რომ ეს GT-ს ტიპის ავტომობილი იქნებოდა. პროექტს „ფინიქსი“ ეწოდა და მის შესახებ, მხოლოდ ძალიან ცოტა თანამშრომელმა იცოდა.

„ბევრი თანამშრომელი ალბათ ხვდებოდა, რომ რაღაც ხდება, მაგრამ არცერთს ზუსტი წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა პროექტზე მუშაობდა. საქმეში ჩართულ თანამშრომლებს, ამ თემაზე ოჯახის წევრებთან საუბარიც კი ეკრძალებოდათ. ეს ალბათ ცხოვრებაში ერთადერთი შანსი იყო, რომ მსგავსი ავტომობილის შემუშავებაში მიეღოთ მონაწილეობა. მე ახლაც ხშირად თავს ვიკავებ ხოლმე ამ თემაზე საუბრისგან“, – გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას ამბობს „ფორდის“ გლობალური დიზაინის შეფი მორეი კალუმი.

ამან ავტომობილისადმი აჟიოტაჟური მოლოდინი შექმნა, რომელიც მას შემდეგ უფრო გაძლიერდა, რაც ცისფერი ოვალის საგამოფენო სტენდის სქემა გავრცელდა, რომელზეც GT-ს ფორმის ავტომობილი გარკვევით ჩანდა. ამის მიუხედავად, იდუმალი ავტომობილის შესახებ რაიმე კონკრეტული ოფიციალური ინფორმაცია მაინც არ გავრცელებულა. სხვათა შორის, გამოფენაზე ახალი GT, „აკურას“ უახლეს სუპერ ავტომობილ NSX-ზე რამდენიმე საათით ადრე წარადგინეს, რამაც იაპონური დებიუტანტი (თავის მხრივ, ბაზარი მასაც მოუთმენლად ელოდა) ჩრდილში დატოვა.

კალუმის თქმით, ცისფერმა ოვალმა ახალ GT-ზე მუშაობა 2013 წელს დაიწყო. „ჩვეულებრივ, ასეთ პროექტებზე მუშაობისას, ინფორმაციას საიდუმლოდ არ ვინახავთ, რათა წინასწარ აჟიოტაჟური სიტუაცია მოვამზადოთ. მაგრამ ამჯერად მიდგომა შევცვალეთ და საქმეში მცირე რაოდენობით ინჟინერები ჩავრთეთ, რათა პროექტის შესახებ ინფორმაცია გარეთ არ გამოსულიყო“, – ყველა კალუმი და დასძენს, რომ ამ სუპერ ავტომობილის აღდგენის მთავარი საბაბი, ლე მანის 24-საათიან რბოლაში GT40-ის პირველი გამარჯვების (1966 წელს) 50 წლის იუბილე გახდა.

სხვათა შორის, ამ ავტომობილის შექმნის მთავარი მიზეზი, ჰენრი ფორდ მეორესა ენცო ფერარის შორის მომხდარი უთანხმოება გახდა – ლეგენდარულმა იტალიელმა ამერიკულ კომპანიას საკუთარი კომპანიის მიყიდვაზე უარი უთხრა, რის გამოც, ჰენრი ფორდმა დაიქადნა, რომ მარანელოელებს ლე მანზე დაამარცხებდა. საინტერესოა, რომ ახალი GT-ს პროცესში, ჰენრი ფორდ მესამეა ჩართული, როგორც „ფორდ პერფორმენსის“ გლობალური მარკეტინგის მენეჯერი.

წყარო: http://autopanoramaf2.blogspot.com