ნისანი წარმოებისთვის შემდეგი თაობის სუპერ ავტომობილ GT-R-ს ამზადებს. იაპონური კომპანიის ბრიტანული შტოს სპორტული პროგრამების შეფმა ჯეიმს ოლივერმა ჟურნალ „ტოპ გიართან“ საუბრისას დაადასტურა, რომ შემდეგი GT-R, რომელიც ამ ეტაპზე შიდასაქარხნო მეტსახელ R36-ს ატარებს, ჰიბრიდული ძალური დანადგარით აღიჭურვება. ამასთან, ის წინამორბედ R35-ზე სწრაფი იქნება.

„ჩემი აზრით, ჰიბრიდული GT-R არავის გააკვირვებს. ახლანდელი მოდელი მუდმივად განვითარების სტადიაშია და რაღაც მომენტში ეს ყველაფერი შემდეგი თაობის მოდელამდე მიგვიყვანს. ამ ეტაპზე, ბაზარი სხვადასხვა ტიპის აგრეგატებით აღჭურვილ ავტომობილებს გვთავაზობს, ჩვენ კი დიდი გამოცდილება ელექტრული დანადგარების გამოყენებაში გვაქვს დაგროვილი“, – ამბობს ოლივერი და დასძენს: „როცა ჩვენ 2009 წელს R35 გამოვუშვით, ეს იყო იმ დროისთვის წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი. და გვინდა, რომ შემდეგი ავტომობილითაც ასეთივე წინსვლა გვქონდეს. ეს უნდა იყოს არა უბრალოდ მორიგი კარგი ავტომობილი, არამედ ნისანის სახე“.

Nissan-GTR

მას არ დაუზუსტებია, რა მონაცემები ექნება R36-ის აგრეგატს. არაა გამორიცხული, რომ ის „ინფინიტის“ კონცეპტუალური Q80-ის აგრეგატის მსგავსი იყოს. ეს ოთხკარიანი კუპე იაპონურმა კომპანიამ ახლახანს პარიზის მოტორ შოუზე წარადგინა და ის ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელშიც 3.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოიანი V6 და ელექტრო ძრავია გაერთიანებული. მათი ჯამური სიმძლავრე 550 ცხენის ძალაა. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ახალი GT-R სწორედ ამ ტიპის დანადგარით აღიჭურვება.

რაც შეეხება სუპერ ავტომობილის გარეგნობას, ოლივერმა ჟურნალს კომპანიის კონცეპტუალურ „ვიჟნ 2020-ზე“ (ფოტოზე) მიანიშნა, რომელიც კომპიუტერულ თამაშ „გრან ტურიზმო 6-სთვის“ არის შემუშავებული. მისი თქმით, ამ კონცეპტით „ნისანმა“ ახალი GT-R­ის მომავალი სახეც გვიჩვენა. რა თქმა უნდა, სერიულ ავტომობილს განსხავებული გარეგნობა ექნება, თუმცა ვირტუალური მოდელის პროპორციებს და იერს შეინარჩუნებს.

ოლივერმა ახალი სუპერ ავტომობილის ფასზეც ილაპარაკა და თქვა, რომ ის მასზე გაცილებით ძვირადღირებულ სუპერ ავტომობილებზე იაფი ეღირება, თუმცა მყიდველს მათი დონის მახასიათებლებით მოხიბლავს. თუმცა უნდა ითქვას, რომ ახლანდელი GT-R, მის პირვანდელ საბაზო ვერსიასთან შედარებით, თითქმის 45 პროცენტით არის გაზრდილი. კერძოდ, თუ 2008 წელს 69 850 დოლარი ღირდა, ამჟამად 101 770 დოლარზე იაფად ვერ იყიდით. და სავარაუდოდ, ახალი ავტომობილი კიდევ უფრო ძვირი ეღირება.