ეს დღეც დადგა – შტუტგარტის გარეუბან აფალტერბახში, „მერსედეს AMG-მ“ საკუთარ ბაზასთან, ახალი სუპერ ავტომობილი, AMG GT წარმოგვიდგინა, რომლითაც პოპულარულ SLS AMG-ს ცვლის. „მერსედეს AMG-მ“ ეს ავტომობილი საკუთარი ალებით შექმნა და მას „პორშე 911-ის“ კონკურენტად გვთავაზობს. ახალმა ავტომობილმა წინამორბედის პროპორციები და დიზაინის ელემენტები შეინარჩუნა, თუმცა ძირეულად განსხვავებული აგებულება აქვს.

ახალი ავტომობილი სრულიად ახალ, ალუმინსგან შეკრულ სივრცულ სტრუქტურაზეა აწყობილი. ახალია დაკიდების დამოუკიდებელი სისტემაც, რომელიც ოთხივე ბორბალს შასისთან ორმაგი განივი ბერკეტებით აკავშირებს. და რა თქმა უნდა, ახალია ძრავი, რომელიც გერმანულმა კომპანიამ ადრევე გაგვაცნო. ადრინდლივით, ყოველ ძრავს ერთი ადამიანი – ინჟინერი ააწყობს და მის ხარისხზე პასუხისმგებელიც თავად იქნება.

ესაა 4.0-ლიტრიანი წყვილ ტურბოკომპრესორიანი V8, რომელსაც მყიდველს ორი ვერსიის სახით შესთავაზებენ. მათგან ერთი 462 ცხენის ძალას და 600 ნიუტონმეტრს (1600-5000 ბრ/წთ-ზე) ავითარებს, მეორე კი – 510 ცხენის ძალას და 650 ნიუტონმეტრს (1750-4750 ბრ/წთ-ზე). უფრო მძლავრი ძრავით აღჭურვილ ვერსიას სახელში S ინდექსი დაემატება.

ძრავის ცილინდრების ბლოკი და მისი თავიც ალუმინისაა. ოღონდ, თავის კონსტრუქციაში გამოყენებული ალუმინი ცირკონიუმს შეიცავს. ის უშუალო შეფრქვევის სისტემით და შეზეთვის მშრალი კარტერით არის აღჭურვილი. ცილინდრებში ნაჭედი დგუშები მოძრაობს. ტურბო კომპრესორების გაგრილებას კი ინტერქულერი ემსახურება, გაგრილების თხევადი სისტემით. ძრავთან 7-საფეხურიან რობოტიზებულ კოლოფს ორქუროიანი გადაბმულობა დააკავშირებს. ამასთან, ძრავი მანქანის წინაა განლაგებული, კოლოფი კი – უკანა ღერძთან.

„მერსედეს AMG GT-ს“ საბაზო ვერსია 1540 კილოგრამს იწონის, მოდიფიკაცია S-ის წონა კი 1570 კილოგრამია. წინა და უკანა ღერძებს შორის წონა 47:53 პროპორციითაა განაწილებული. წონისა და სიმძლავრის ფარდობა კი ყოველ ცხენის ძალაზე 3.08 კილოგრამია. საბაზო ვერსიას ადგილიდან ასის ასაკრეფად 4.0 წამი სჭირდება, ვერსია S-ს კი 3.8 წამი ჰყოფნის. მაქსიმალური სიჩქარე კი შესაბამისად, 304 და 310 კმ/სთ-ია.

ახალი სუპერ ავტომობილი ასევე აღჭურვილია აქტიური გამოსაბოლქვი სისტემით, რომელიც ძრავის მუშაობის არჩეული რეჟიმის შესაბამისად იცვლის ხმას. რეჟიმები იცვლება კომფორტულიდან სარბოლამდე. გარდა ამისა, ეკიპირებაში შევიდა ადაპტირებადი საკიდარი, სტაბილიზაციის სისტემა, რომელსაც მუშაობის სამი რეჟიმი აქვს, ვერსია S-ზე კი ელექტრონიკით მართვადი დიფერენციალი. მუხრუჭები კარბონ კერამიკული დისკოებითაა აღჭურვილი, რომელთა დიამეტრიც წინ 420 მილიმეტრია, უკან კი – 360 მილიმეტრი.

გარდა ამისა, AMG GT-ს აღჭურვილობაში შევიდა ადაპტირებადი მთავარი ფარები, რომლების სტრუქტურაშიც შუქდიოდები შედეს, უკანა ხედვის კამერა, წინიდან შეჯახების გამაფრთხილებელი სისტემა, მკვდარი ზონების საკონტროლო სისტემა, საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა, ასევე საგზაო ზოლების უნებლიედ გადაკვეთის საკონტროლო სისტემა.

ახალი სუპერ ავტომობილის ფასი ჯერ არ გამოქვეყნებულა. შტუტგარტელები მას პარიზში, მსოფლიო პრემიერაზე გაგვაცნობენ. ჟურნალ „ავტოქარის“ ვარაუდით, საბაზო ვერსია 95 000 გირვანქა სტერლინგი ეღირება, ვერსია S კი – 110 000 გირვანქა სტერლინგი. უმცა, ამის მიუხედავადაც, ეს გაცილებით ნაკლებია წინამორბედ SLS AMG-ს 168 485 გირვანქა სტერლინგზე.