„ვოლვომ“ უგზოობის მეორე თაობის XC90 გაგვაცნო, ავტომობილი, რომლითაც შვედური კომპანიის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება. ახალი ავტომობილი პირველია, რომელიც სრულიად ახალ, მოდულურ პლატფორმაზე (SCA – სქელეიბლ პროდაქტ არტიტექჩა) აიგო. ამასთან, მასში ბევრი ტექნოლოგიური სიახლეა გამოყენებული, რომელთა წყალობითაც, XC90 კონკურენტულ გარემოში თავს კომფორტულად იგრძნობს. დაკიდევ, მისი გამოშვების მიუხედავად, ჩინეთში კვლავაც გაგრძელდება პირველი თაობის XC90-ის წარმოება, რომელიც იქ პოპულარობით სარგებლობს.

ახალი XC90-ის სტილი, „ფოლკსვაგენის“ ყოფილი დიზაინერის, თომას ინგენლატის ხელმძღვანელობითაა შემუშავებული. ეს სტილი ორი წლის განმავლობაში, სამი კონცეპტუალური ავტომობილის შემუშავების პროცესში იხვეწებოდა. ეს კონცეპტებია „კონცეპტ კუპე“, „კონცეპტ ესტეიტი“ და „XC კუპე“. ავტომობილის დამახასიათებელი გარეგნული ნიშნებია „ვოლვოსთვის“ დამახასიათებელი რადიატორის ცხაური და წაქცეული T-ს ფორმის ფარები.

თუმცა, დიზაინზე გაცილებით მნიშვნელოვანი, ავტომობილის მოდულურ პლატფორმაში, მსუბუქი და მტკიცე მასალების ინტენსიურად გამოყენებაა, რისი წყალობითაც, ახალი XC90 წინამორბედზე 150 კილოგრამით მსუბუქია. ამასთან, წონა ღერძებს შორის თანაბრადაა განაწილებული, რასაც შედეგად ავტომობილის მართვის გაუმჯობესება მოჰყვა. შასის კონსტრუქციაში ბორის შემცველი ფოლადის გამოყენების წყალობით, კონსტრუქცია უფრო მტკიცეა და გვეხვაზე გაცილებით ხისტიც. XC90-ის წინა საკიდარი ალუმინისგანაა დამზადებული და წყვილ განივ ბერკეტებს ეყრდნობა, უკანა საკიდარში კი კომპოზიტისგან დამზადებული ფურცლოვანი რესორია გამოყენებული.

რა თქმა უნდა, „ვოლვოსთვის“ მთავარი ყოველთვის უსაფრთხოებაა და როგორც კომპანია აცხადებს, ეს საშუალო ზომის უგზოობის ავტომობილი ყველაზე უსაფრთხოა ისტორიაში. უსაფრთხოების სისტემებს შორისაა ზოლიდან გადასვლის გამაფრთხილებელი სისტემა, უკნიდან შეჯახების წინმსწრები სისტემა, კრუიზ კონტროლი, რომელიც დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, როცა ავტომობილს საცობში გადაადგილება უწევს, მის მართვას თავის თავზე იღებს. ავტომობილი ასევე აღჭურვილია გზაჯვარედინზე ავტომატური დამუხრუჭების სისტემით, უხილავ ზონაში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახების წინმსწრები სისტემა.

ძრავების გამაში სულ ოთხი აგრეგატია, რომელთაგან ორი დიზელზე მუშაობს და ორიც – ბენზინზე. ყველა 2.0-ლიტრიანია. D4 ტურბო დიზელი 190 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს, D5 წყვილ ტურბო დიზელის შესაძლებლობები კი 225 ცხენის ძალა და 470 ნიუტონმეტრია. რაც შეეხება ბენზინის ძრავებს, T5 ტურბოს სიმძლავრე 254 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მომენტი კი – 350 ნიუტონმეტრი, ტოპ ვერსია კი T6 ძრავით აღიჭურვება, რომელიც მექანიკური და ტურბო კომპრესორების დახმარებით, 320 ცხენის ძალას და 400 ნიუტონმეტრს იძლევა. მომავალში გამას ჰიბრიდული სისტემაც შეავსებს, რომელშიც T6 და ელექტრო ძრავი გაერთიანდება. ამ აგრეგატის ჯამური სიმძლავრე 400 ცხენის ძალას მიაღწევს, მაქსიმალური მომენტი კი – 640 ნიუტონმეტრს.

დაბოლოს, „ვოლვო“ სიამაყით აცხადებს, რომ XC90-ის ინტერიერი, მის ისტორიაში ყველაზე მდიდრული და კომფორტულია. სალონის გასაფორმებლად მაღალი ხარისხის ტყავი, ხის დეტალები და ბროლიც კი გამოიყენეს. ცენტრალურ კონსოლზე 9.5-დუიმიანი სენსორული ეკრანი განლაგდა, რომელიც ინფოტაინმენტის გარდა, ავტომობილის ფუნქციების უმეტესობასაც მართავს. მაჩვენბლების დაფა TFT ეკრანია. სალონში შვიდი სავარძელი დაგხვდებათ, რომლებიც რამდენიმე პოზიცაში შეიძლება განლაგდეს ან დაიკეცოს. შესაბამისად, იცვლება საბარგულის მოცულობა და გაბარიტები.