ავტომობილი, რომელსაც „ფორდი“ მის მიერ ევროპის ბაზარზე შეტანილ ავტომობილებს შორის, ტექნოლოგიურად ყველაზე სრულყოფილად მოიხსენიებს, მალე ძველი კონტინენტის მყიდველთათვის ხელმისაწვდომი გახდება. ორი წლის დაგვიანებით, თუმცა მთელი თავისი სრულყოფილებით, სედანი „მონდეო“ მალე ევროპელთა წინაშე, პარიზის მოტორ შოუზე წარსდგება. შემდეგ კი შოურუმებშიც გამოჩნდება.

ახალი „მონდეოს“ მთავარი ღირსებები, მისი ძრავები იქნება – მცირელიტრაჟიანი, მძლავრი და ეკონომიური. ასეთი მრავალმხრივობის მისაღწევად, ცისფერი ოვალის ინჟინრებმა არაერთი სიახლე დანერგეს. ძრავების გამაში ყველაზე გამორჩეული სიახლეა 2.0-ლიტრიანი ტურბო დიზელი, რომელსაც ორი, მიმდევრობით შეერთებული ტურბო კომპრესორი ემსახურება. მათი დახმარებით, ძრავი 210 ცხენის ძალას და 450 ნიუტონმეტრს (2 000 ბრ/წთ-ზე) გამოიმუშავებს.

ეს ძრავი მომავალი წლიდან იქნება ხელმისაწვდომი და ის სერია დურატორკის 2.2-ლიტრიან TDCi ტურბო დიზელის ძრავს შეცვლის, რომლის სიმძლავრეც 200 ცხენის ძალაა. სიმძლავრის ზრდასთან ერთად, ახალი აგრეგატი ნაკლებ საწვავსაც მოიხმარს და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჰაერს ნაკლები ნახშირორჟანგითაც აბინძურებს.

formondeo1

ახალი ძრავის მთავარი სიახლე, მიმდვრობით შეერთებული ორი ტურბოკომპრესორია, რომლებსაც ელექტრონიკა აკონტროლებს. მათი დახმარებით, ძრავი სწრაფად რეაგირებს აქსელერატორის გადაადგილებაზე. ორიდან ერთი კომპრესორი მომცროა და მას მცირე ინერციულობა ახასიათებს. სწრაფი აჩქარების დროს, სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ძრავი აქსელერატორზე სწრაფ რეაქციას ავლენს. უფრო დიდი ტურბინის დანიშნულება კი, ჩაბერვის უფრო მაღალი წნევის შექმნაა, რაც მომენტის და სიმძლავრის გაზრდას უზრუნველყოფს.

ახალი ძრავის გარდა, დიზელების გამაში ასევე შევა 2.0-ლიტრიანი TDCi, რომელიც ერთი, ცვალებადი გეომეტრიის მქონე ტურბო დამჭირხნითაა აღჭურვილი. ამ ძრავს მყიდველს ფორსირების ორი ხარისხით (150 და 180 ცხენის ძალა) შესთავაზებენ. დიზელის სამივე ძრავს აქვს ცილინდრების მოდიფიცირებული ბლოკი, ცილინდრების ახალი თავი, საწვავის ახალი ფრექვევანები, ასევე გამონაბოლქვი აირების რეცირკულაციის სისტემა.

150 და 180-ცხენისძალიანი ძრავების შემთხვევაში, მყიდველისთვის „ფორდის“ ინტელექტუალური სრულ ამძრავიანი სისტემა იქნება ხელმისაწვდომი. შეთავაზებაში ასევე იქნება ტექნოლოგია ეკონეტიკი, რომელიც დიზელის 1.6-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება. ეს ძრავი ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 94 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.

ბენზინის ძრავების გამაში შევა 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი ეკობუსტი, რომლის სიმძლავრეც 125 ცხენის ძალაა. ეს ძრავი ხელმისაწვდომი 2015 წლიდან იქნება. მეორე ძრავია 1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ეკობუსტი, რომელიც 160 ცხენის ძალას ავიტარებს. დაბოლოს, 2.0-ლიტრიანი ეკობუსტი, რომელიც ფორსირების ორი ხარისხითაა. მათგან ერთი 203 ცხენის ძალას ავითარებს, მეორე კი – 240-ს.

formondeo2

დაბოლოს, უახლესი „მონდეოს“ მყიდველს ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილ ვერსიებსაც შესთავაზებენ. მასში გაერთიანდება სპეციალურად ამ მიზნისთვის შემუშავებული, ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავი და ორი ელექტრო ძრავი. ამათგან ერთი ბორბლებს ატრიალებს, მეორე კი გენერატორის როლს ასრულებს და ელექტრული ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკს ამრაგებს, რომლის ტევადობაც 1.4 კილოვატსაათია. ამ ბლოკის რესურსი 10 წელი, ან 241 402 კილომეტრია. ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვილი „მონდეო“, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 99 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ყველა ძრავის შემთხვევაში, სედანის აღჭურვილობაში შევა რადიატორის აქტიური ჟალუზი, რეგენერაციით საზრიანი დამმუხტველი, საჭის ელექტრული გამაძლიერებელი და ავტომატური სტარტ-სტოპ სისტემა. გარდა ამისა, ახალი „მონდეო“ „ფორდის“ პირველი ავტომობილია, რომელიც ფეხმავალთა დაცვის სისტემით აღიჭურვება. ამ სისტემას, ავტომობილის წინ მოძრავი ადამიანების დაფიქსირება და საჭიროების შემთხვევაში, როცა მძღოლი მის გაფრთხილებას არ გამოეხმაურება, დამუხრუჭებაც შეუძლია.

ოპციის სახით მყიდველს შესთავაზებენ: შეჯახების თავიდან არიდების სისტემა, რომელსაც, ფეხმავალთა დაცვის სისტემასთან ერთად, საქარე შუშაში ჩამონტაჟებული რადარი და ბამპერში მოთავსებული კამერა ეხმარება. ელექტრონიკა მიღებულ გამოსახულებაში ადამიანის სილუეტს არჩევს და შესაბამისად რეაგირებს.