პარიზის მოტორ შოუზე დებიუტიდან ორი კვირის შემდეგ, „იაგუარ ლენდ როვერმა“ თავის ჰელივუდის ქარხანაში, უახლესი „დისქავერი სპორტის“ წარმოება დაიწყო. ეს პრემიერა ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია იმ გეგმისა, რომელიც შემდგომ ხუთ წელიწადში, ბაზარზე 50 მნიშვნელოვან აქციას, მათ შორის, ახალი ავტომობილების წარმოების დაწყებას ითვალისწინებს.

პირველი „დისქავერი სპორტის“ გამოშვებასთან დაკავშირებულ საზეიმო ცერემონიაზე, ეს პირველი ავტომობილი, „ლენდ როვერის“ პარტნიორ კომპანიას, კოსმოსური ტურიზმის პიონერ „ვირჯინ გალაქტიკის“ კომერციულ დირექტორ სტივენ ატენბოროს გადასცა. ცნობილია, რომ „ვირჯინ გალაქტიკი“ თავის კლიენტებს, კოსმოსის ზღვარზე ფრენებისთვის მომზადებისას, სწორედ „დისქავერი სპორტით“ მოემსახურება.

ამ ავტომობილის გარდა, „ლენდ როვერი“ ბრიტანულ-ამერიკულ კოსმოსურ კომპანიას სხვა ავტომობილებითაც მოემსახურება, რომლებსაც მომავალში გამოუშვებს. მათ შორის იქნება ახალი „დისქავერი“ და „დიფენდერი“.

„სიამაყით აღმავსებს მომენტი, როცა ვხედავ, როგორ ტოვებს მსოფლიოს კლასის ჰელივუდის ქარხნის საწარმოო ხაზს პირველი „დისქავერი სპორტი“. ახალი ავტომობილი, „ლენდ როვერის“ სულისკვეთების „ზემოთ და კიდევ უფრო ზემოთ“, განსახიერებაა. და გასაკვირი არაა, რომ ამ ავტომობილს ისეთი ნოვატორი კომპანია გამოიყენებს, როგორიც „ვირჯინ გალაქტიკი“ არის“, – ამბობს „ლენდ როვერის“ პროგრამების დირექტორი მარი დიტჩი.

ჰელივუდის ქარხანაში, სადაც ასევე „რეინჯ როვერ ევოუკსაც“ უშვებენ, ბოლო ოთხ წელიწადში ინვესტიციები გაორმაგდა, დასაქმებულთა რაოდენობა კი გასამმაგდა და 4 750-მდე გაიზარდა. „დისქავერი სპორტის“ წარმოებისთვის, ქარხანამ 55 მიმწოდებელ კომპანიასთან, 3.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის კონტრაქტები გააფორმა.

ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილი „დისქავერი სპორტი“ ჯერ მხოლოდ ერთი, 2.2-ლიტრიანი ტურბო დიზელით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 190 ცხენის ძალაა. ძრავთან წყვილში, მყიდველის სურვილის შესაბამისად, 6-საფეხურიანი მექანიკური, ან 9-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი იმუშავებს. ავტომობილი მხოლოდ სრულ ამძრავიანი სისტემით აღიჭურვება. მგვიანბით მყიდველს ორწამყვანბორბლიან ვერსიას და ახალი, სერია ინჯენიუმის ტურბო დიზელს შესთავაზებენ, რომლით აღჭურვილი ავტომობილიც, ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში მხოლოდ 119 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.