პარიზის მოტორ შოუს გახსნამდე ერთი დღით ადრე, „ლამბორგინიმ“ მედიას თავისი უახლესი კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი, სახელად „ასტერიონ LPI910-4“ წარუდგინა. იტალიური კომპანიის განცხადებით, ეს არის კონცეპტი ახალი ტექნოლოგიის დემონსტრირებისთვის. ლაპარაკია სანტ’აგატა ბოლონეზელების მიერ საკუთარი ძალებით (და რა თქმა უნდა, ფოლკსვაგენის ჯგუფის დახმარებით) შემუშავებულ ჰიბრიდულ სისტემაზე.

ეს არის „ლამბორგინის“ ისტორიაში პირველი ჰიბრიდული ავტომობილი, რომელშიც ბენზინზე მომუშავე შიდაწვის ძრავი და სამი ელექტროძრავია გაერთიანებული. პირველი არის 5.2-ლიტრიანი V10, რომელიც 610 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მასთან ორქუროიანი გადაბმულობით, 7-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია დაკავშირებული. სამი ელექტრო ძრავის ჯამური სიმძლავრე კი 300 ცხენის ძალას აღწევს.

ელექტრო ძრავებიდან ერთი ტრანსმისიის სტრუქტურაშია ინტეგრირებული და შესაბამისად, უკანა ბორბლებთან აქვს კავშირი. დანარჩენი ორი კი წინა ღერძთანაა დაკავშირებული და შესაბამისად, წინა ბორბლებს ატრიალებენ. მათთვის საჭირო ელექტრო ენერგიის დაგროვება ლითიუმ იონური ელემენტების ბლოკში ხდება, რომელიც ფსევდო სატრანსმისიო გვირაბშია მოთავსებული.

ამ აღჭურვილობით, „ასტერიონს“ ადგილიდან ასის ასაკრეფად 3.0 წამი ჰყოფნის, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ია. ამასთან, კომბინირებული რეჟიმით მუშაობისას, ასი კილომეტრის გასავლელად 4.2 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 55.8 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. დაკიდევ, მხოლოდ ელექტრო ძრავების ხარჯზე, 50 კილომეტრის გავლას ახერხებს. ელექტრო ენერგიის მიღება ავტომობილს საყოფაცხოვრებო ქსელიდანაც შეუძლია და ენერგიის აღდგენის სისტემის დახმარებითაც.

ავტომობილის წარდგენისას, „ლამბოს“ პრეზიდენტმა შტეფან ვინკელმანმა განცხადა, რომ „ასტერიონი“ არ არის „ფერარი ლაფერარის“, „მაკლარენ P1-ის“ და „პორშე 918 სპაიდერის“ უშუალო კონკურენტი. მისი განმარტებით, ამ ავტომობილის შემუშავებისას, მეტი ყურადღება დაეთმო კომფორტული მგზავრობის უნარს და არა სატრეკო მონაცემებს.

დაბოლოს, სახელის შესახებ: ძველ ბერძნული მითოლოგიით ასტერიონი ვარსკვლავების მბრძანებელია და ის ერთდროულად კრეტის ორ წმინდა მეფეს განასახიერებს. პირველია ასტერია, რომელსაც ბერძნები კრეტის მეფეს უწოდებდნენ. ის იყო ევროპას ქმარი და ზევსის შვილების მამინაცვალი. მეორე ასტერიონი კი მინოტავრია, რომელსაც ხარის თავი და ადამიანის ტანი აქვს. როგორც ჩანს, „ლამბორგინის“ კონცეპტს სწორედ მინოტავრის სახელი დაარქვეს, რადგან იტალიური კომპანია თავისი ავტომობილის სახელებს ყოველთვის ხარებს უკავშირებს…