ფერარის ერთ-ერთი ამოცანა, როცა თავის ფლაგმან ავტომობილებს (ენცო, ლაფერარი) უშვებს, ამ შედევრების გადამყიდველის ხელში არმოხვედრაა. ამის უზრუნველსაყოფად, იტალიური კომპანია ამ ავტომობილების მყიდველებს მათ შორის არჩევს, ვისაც მისგან მინიმუმ ხუთი ავტომობილი მაინც აქვს შეძენილი. ანუ, ერთგულ მყიდველთა წრეში. მაგრამ ამის მიუხედავად, ნულოვანი გარბენის მქონე „ლაფერარი“ სულ უფრო ხშირად ჩნდება ხოლმე მეორად ბაზარზე.

ასეთი ავტომობილები ჯერ დუბაიში გამოჩნდა, შემდეგ კი გერმანიაშიც. ახლახანს კი მორიგი ორი ეგზემპლარი იმავე დუბაიში და ლუქსემბურგში გამოჩნდა. ორივე სრულიად ახალია. მათგან დუბაის ეგზემპლარს ფასი არ ედო, ლუქსემბურგისა კი 3 მილიონ ევროდ იყიდებოდა…

ორივე ავტომობილი წითელია. დუბაის ეგზემპლარი (ფოტოზე) კომპანია „ავტო ტრეიდერ UAE-ს“ შოურუმში დგას (პირველი ეგზემპლარი კომპანია ალ ქალამ მოტორის შოურუმში იდგა). ლუქსემბურგის ეგზემპლარი კი გასაყიდად კომპანია „ლუქსაუტოს“ აქვს გამოტანილი და საავტომობილო დილერ „პერეირა გარაჟის“ შოურუმს ამშვენებს.

„ავტო ტრეიდერ UAE-ს“ თავის „ლაფერარიზე“ ფასი არ მიუწერია. ლუქსემბურგში კი, როგორც უკვე ითქვა, ავტომობილი 3 მილიონ ევროდ იყიდებოდა. მაგრამ ამ კომპანიამ მალევე ის გასაყიდი ავტომობილების სიიდან ამოიღო. ამის მიზეზი უცნობია. ავტომობილი ან გაიყიდა, ან მარანელოელებმა კომპანია აიძულეს, რომ ასე მოქცეულიყო.

ამგვარად, დღიდან მისი გამოშვებისა, უკვე ხუთი ცალ „ლაფერარი“ მოხვდა მეორად ბაზარზე. და არავინ იცის, რამდენი გაიყიდა პირადი გარიგებით ისე, რომ ეს ამბავი არ გახმაურებულა…