იყო დრო, როცა ამ ავტომობილებს ყურადღებას არავინ აქცევდა, რადგან ქუჩაში მათ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავდით. ისინი საბჭოთა „ბედნიერი ცხოვრების“ ნაწილი იყო, რომლებითაც გარე სამყაროს რკინის ფარდით მოწყვეტილი ადამიანები, კომფორტზე გაზრდილ მოთხოვნას და ხშირად, პატივმოყვარეობასაც იკმაყოფილებდნენ.

ford-cmax

ჯერ „პობედაზე“ და „ვოლგაზე“ ოცნებობდა ყველა, მერე „მოსკვიჩმა“ სცადა გაქაჩვა, მაგრამ არ გამოუვიდა, მერე „ფიატმა“ სსრკ-ს თავისი „124“ აჩუქა, რომლითაც 1966 წელს ევროპის წლის საუკეთესო ავტომობილის წოდება მოიგო. მერე იყო „ნივა“ და 2108, რომლის ძრავის სრულყოფაშიც, როგორც ამბობდნენ,  თვით „პორშეს“ ინჟინრებმა მიიღეს მონაწილეობა. თუმცა, „საბჭოთა ავტომობილს“ მაინც არაფერი ეშველა.

დღეს მათ იშვიათად ნახავთ. და თუ სადმე შეგხვდებათ, საშინლად დაჟანგულები და გაპარტახებულებია. დღეს აღარავის ახსოვს „შეკრული ნოლშესტი“ და „გაზ-31“, რომლის რადიატორის ცხაურზეც ამბობდნენ, „მერსედესისგან“ არის მოპარულიო. ათასში ერთხელ „კარგად გაკეთებულ“ ანტიკვარებსაც ნახავთ. მათ წელიწადში ერთხელ თავს უყრის „ავტო ბილდ საქართველოს“ მიერ ორგანიზებული შოუ, რომელიც თბილისობისას ტარდება ხოლმე. „ზაპოროჟეცის“ ერთი უიშვიათესი ეგზემპლარი, ყოფილმა მრბოლმა, ბადრი ქორიძემ სატრეკო ავტომობილადაც მოამზადა და სხვადასხვა შეჯიბრში ამაყად გამოჰყავს საასპარეზოდ.

ford-cmax-1

ford-cmax-2

ford-cmax-3

ამასობაში კი წამოიზარდა თაობა, რომელსაც არც „შეკრული ნოლშესტების“ შესახებ სმენია რამ, არც „ჩაიკაზე“ და თუ შემთხვევით ეგრეთ წოდებულ „რენო მოსკვიჩს“ დაინახავს, აუცილებლად გაუკვირდება, ასეთი ჯართი საერთოდ როგორ გამოუშვეს. ასეა თუ ისე, მოგვწონს (მოგვწონდა) თუ არა, ეს ყველაფერი ჩვენი ახლო წარსულის ნაწილია, რომელთაგან ზოგიერთი ნამდვილ ანტიკვარადაც კი შეიძება იქცეს. ასეთების ადგილი კი მუზეუმშია…

სწორედ ასეთი მუზეუმი აღმოცენდა ახლახანს თბილისში, ქალაქის შემოგარენში, აფრიკას რომ ეძახიან, ქაიროს ქუჩის მიმდებარედ, ქართველ ბიზნესმენ გიორგი მამულაშვილის დიდი გარჯისა და მრავალწლიანი ძალისხმევის წყალობით, თბილისის ავტომუზეუმი დაარსდა. მასში 20 ავტომობილი და 5 მოტოციკლია წარმოდგენილი. ყველა მათგანი საქარხნო ნაწილებით დაკომპლექტდა და საგულდაგულოდ შეიღება. როგორც ბატონმა მამულაშვილმა განაცხადა, ექსპონატებიდან ყველაზე ხანდაზმული 1933 წელსაა გამოშვებული, ყველაზე ახალგაზრდა კი – 1970 წელს.

ford-cmax-5

მისივე თქმით, ჯერჯერობით მუზეუმი დამთვალიერებლებს უფასოდ მოემსახურება, მომავალში კი იქ შესვლა სიმბოლური ფასი ეღირება. გარდა ამისა, მალე მუზეუმი კიდევ ორ ფუნქციას შეითავსებს – იქ ამუშავდება რეტრო ავტომობილების მოყვარულთა კლუბი. გარდა ამისა, აშენდება სპეციალური სახელოსნო, სადაც ანტიკვარულ ავტომობილებს საქმის კარგად მცოდნე სპეცალისტები გაარემონტებენ. როგორც ბატონმა შალვა ოგბაიძემ, მუზეუმის პირველმა „საპატიო მცველმა“ განაცხადა, მუზეუმის სარესტავრაციო სახელოსნოსთვის მალე შეიძენენ დანდგარს, რომელიც ძველი ავტომობილის ძარისგან საღებავის მოსაცილებლად გამოიყენება. ცნობისათვის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე შრომტევადი სამუშაო, რომელიც ავტომობილის რესტავრაციის დროს ტარდება.

საინტერესოა ავტომუზეუმის ისტორია. მას საფუძველი 1998 წელს, შემთხვევით ჩაეყარა, როცა ბატონი გიორგი მუზეუმზე არც ფიქრობდა. ავტობაზრობაზე მყოფმა, „მოსკვიჩი 403“ შეიძინა, რომლის ყიდვასაც თავიდან არც ფიქრობდა. სწორედ ამ ავტომობილის ყიდვას მოჰყვა ძველი მანქანების შეგროვების იდეა, რომელმაც მუზეუმამდე მიიყვანა. მუზეუმის გარეთ, კიდევ რამდენიმე, ჯერ კიდვ შელახული ავტომობილი იდგა, რომლებიც რესტავრაციის ჯერს ელიან. მათ შორისაა უძველესი – პიკაპი გაზ-4, რომელიც საბჭოთა არმიას მეორე მსოფლიო ომის დროს ემსახურა. საინტერესოა, რომ ყველა ექსპონატს სანომრე ნიშნად საკუთარი სახელი და ინდექსი უწერია, რაც მათ შესახებ პირველი ინფორმაციის მიღებას აადვილებს. შემდგომში კი ყველა მათგანის გვერდზე გაჩნდება დაფა, რომელზეც მოდელის ისტორია დაიწერება.

ყველაფერი კარგი, მაგრამ მუზეუმს ერთი ნაკლი აქვს – ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს და მისი მიგნებაც არაა იოლი. მართალია, ქუჩას, რომელზეც ის მდბარეობს, ავტომუზეუმის სახელი დაერქვა, თუმცა პირველ ხანებში მისი მიგნება მაინც არ იქნება იოლი. მაგრამ როგორც ბატონმა შალვა ოგბაიძემ განაცხადა, მუზეუმის პოპულარიზაციისთვის, არაერთი აქტივობა იგეგმება, რომლების დახმარებითაც, ავტომუზეუმი პერიოდულად მიიქცევს ყურადღებას. მომავალში კი მან შესაძლოა საქართველოში ჩამოსული ტურისტებიც მიიზიდოს.

ford-cmax-6

დასაწყისისთვის ძალიან კარგია და იმედია, მომავალში ექსპონატთა შორის არამხოლოდ საბჭოური რარიტეტული ავტომობილების ხილვა იქნება შესაძლებელი. თუმცა ამას უკვე გაცილებით დიდი თანხები დასჭირდება…