G.Kirvalidzeდრიფტის დაწყებას არ სჭირდება ძვირად ღირებული მანქანა და საოცარი სიმძლავრე.მე BMW E30-ით (1.8 ძრავი) დავიწყე. დრიფტი, ანუ მოცურებული მანქანის მართვა, ავტოსპორტის სახეობებისგან გამოირჩევა სიმარტივით. შეგვიძლია ვისწავლოთ პატარა მოედანზე, იქ, სადაც წრიული რბოლისთვის ან რალისთვის ვერ მოვემზადებით…

როგორ მოვემზადოთ პირველი ნაბიჯებისთვის? ამისათვის საჭიროა საკუთარი ავტომობილი, რადგან მეცადინეობის დროს ხშირია სხვადასხვა ე.წ. „ჩეპე“ და უმჯობესია, სხვას არ დავუზიანოთ ავტომობილი

როგორი უნდა იყოს ავტომობილი? ნებისმიერი მანქანის მომზადება შესაძლებელია, მაგრამ საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, ასევე ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, ყველაზე გამართლებული და მარტივია BMW E30/E36. თუმცა მე E36-ს ვანიჭებ უპირატესობას. ის შედარებით ახალია და ავტონაწილებიც მეტად ხელმისაწვდომია.

მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია

  1. ძრავი – დამწყებების ყველაზე დიდი შეცდომა დიდი მოცულობის ძრავისთვის უპირატესობის მინიჭებაა. სინამდვილეში, 1.8 მოცულობის ძრავით სწავლაც ადვილად შესაძლებელია.  უმჯობესია ქარხნული 2.5 მოცულობის ძრავი.
  2. დაკიდების სისტემა – აუცილებელია მანქანას ქონდეს სპორტული, ხისტი დაკიდების სისტემა
  3. ბლოკირებული ხიდი – ბლოკირების არქონის შემთხვევაში, ძალიან მარტივია ხიდის „დასვარკება“ , რაც ყველაზე გამოცდილი და იაფი ხერხია
  4. მოხვევის კუთხე – დამწყებისთვის, მოხვევის კუთხის გაკეთების წინააღმდეგი ვარ.

ამ კონფიგურაციით, თავისუფლად შეიძლება დრიფტის ბაზის სწავლა. ყველა მსურველს, ვურჩევ რუსთავის ავტოდრომზე ვარჯიშს, სადაც ამისთვის, ყველა პირობაა შექმნილი და დაცულია უსაფრთხოების ზომები.

Drift-Kirvalidze-1

ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ვარჯიშის დროს აუცილებელია გვქონდეს კონკრეტული სამიზნე, რადგან გაშლილ ტერიტორიაზე მანქანის ნებისმიერი მიმართულებით მოცურება მარტივია და დრიფტს არ ნიშნავს.

გაკვეთილი პირველი : 1 კონუსი, ანუ „ფიშკა“ – მის გარშემო ტრიალი, რასაც ჩვენ „დონატს“ ვეძახით და ძალიან ბევრი კარგად აკეთებს.

გაკვეთილი მეორე : 2 „ფიშკა“  და რვიანის მოხაზვა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საწყისი გაკვეთილი, რასაც ძალიან ბევრი ვერ აკეთებს. ეს გვასწავლის „გადაბმას“ ანუ ერთი მხრიდან მეორე მხარეს გადმოსვლას მოცურებიდან გამოუსვლელად. ბევრს ეთაკილება ამის გაკეთება, მაგრამ სასირცხვილო აქ არაფერია.

გაკვეთილი მესამე : მოედანზე ვალაგებთ ჩვენთვის სასურველ გზას, სადაც 2 მოსახვევი მაინც იქნება და ვცდილობთ დაწყობილ გზაზე ამ მოსახვევების გავლას.

შემდეგ უკვე ნელ-ნელა ვართულებთ გზას, ვიწყებთ ვარჯიშს სხვებთან ერთად, მაგალითად, დრიფტის ეტაპისთვის დაწყობილ გზაზე. ამავდროულად, გირჩევთ  უყუროთ ბევრ სხვადასხვა ვიდეოს, იკითხოთ, ვინ როგორ ამზადებს მანქანას, გაითვალისწინოთ პროფესიონალების რჩევები და ნელ-ნელა მოირგოთ მანქანა თქვენზე.

გთხოვთ, მოერიდოთ ქუჩაში ვარჯიშს, რადგან შეცდომა პროფესიონალებსაც მოსდით.

დრიფტთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე უკვე  სტატიის კომენტარებში გიპასუხებთ.