აზერბაიჯანმა ბაქოს ფ1-ის ტრეკის კონფიგურაცია გამოაქვეყნა, რომელზეც 2016 წელს ევროპის დიდი პრიზი ჩატარდება. ტრეკი ამ საქმის ცნობილი სპეციალისტის, ჰერმან ტიკლეს მიერაა შემუშავებული. მისი სიგრძე 3 766 მეტრია და ის ბაქოს ქუჩებსა და ბულვარის გასწვრივ გადის.

„საერთოდ, ქალაქის ქუჩებში ტრეკის მოწყობა ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ რამდენიმე საინტერესო გადაწყვეტა გამოვიყენეთ, რომელთა წყალობითაც, ტრასა პილოტებისთვისაც და მაყურებლებისთვისაც საინტერესო უნდა იყოს“, – ამბობს ტილკე. „მაგალითად, ძველი ქალაქის კედლის გასწვრივ, ძალიან ვიწრო და აღმართიანი სექციაა, რომელიც პილოტებისგან სიზუსტეს და გამბედაობას მოითხოვს. აჩქარების სექციების საერთო სიგრძე კი 2.2 კილომეტრს აღწევს. განსაკუთრებით გრძელი სწორებია სანაპიროს გასწვრივ“.

ბაქომ შარშან პირველად უმასპინლა „ბლენკპეინის“ სპრინტის სერიის და FIA GT-ს რბოლას და ამავე რბოლას წელსაც ჩაატარებს (1-2 ნოემბერს). ოღონდ, მათთვის ტრასა ოდნავ მოშორებით, დროშის მოედნის სიახლოვეს გადის და ამ კონფიგურაციასთან ფ1-ის ტრეკს შეხებაც არ ექნება. ის ძველ ქალაქს შემოუვლის გარს და სანაპირო ბულვარის დიდი ნაწილის გასწვრივ გაივლის. პიტლეინი კი ალბათ პარლამენტის შენობის წინ არსებულ დიდ მოედანზე მოეწყობა.