ახალი, მეექვსე თაობის მუსტანგის პირველი ჩვენება ჯერ კიდევ დეკემბერში გაიმართა, თუმცა ავტომობილი ბაზარზე ჯერაც არ გამოსულა, მთელი ამ დროის განმავლობაში კი „ფორდ“ მის შესახებ ინფორმაციას ულუფებად, პერიოდულად ავრცელებს, რითაც პოპულარული პინი ქარის აქტუალობას ინარჩუნებს. ამჯერად ავტომობილის საწვავის ხარჯის შესახებ ინფორმაციის ჯერი დადგა. თანაც, ეს ინფორმაცია აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტმა, გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA) მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

EPA-ს მიხედვით, სერია ეკობუსტის 2.3-ლიტრიანი ძრავით აღჭურვილი ვერსია, რომელზეც ძრავთან 6-საფეხურიანი მექანკური კოლოფია დაკავშირებული, ქალაქში ას კილომეტრს 10.69 ლიტრი საწვავით გადის, მაგისტრალზე კი ხარჯი მხოლოდ 7.59 ლიტრი ჰყოფნის. ავტომატური კოლოფის შემთხვევაში, ქალაქში ხარჯი 11.2 ლიტრია, მაგისტრალზე კი – 7.35 ლიტრი.

უარესი მაჩვენბლებია 3.7-ლიტრიანი V6 ძრავის შემთხვევაში. სხვათა შორის, ეს ძრავი ახლანდელი „მუსტანგის“ იმავე ძრავთან შედარებით, 5 ცხენის ძალით სუსტია. როდესაც მასთან წყვილში ზემოთ ნახსენები მექანიკური კოლოფი მუშაობს, ქალაქში ასი კილომეტრის გასავლელად 13.84 ლიტრი სჭირდება, მაგისტრალზე კი – 8.4 ლიტრი. შედარებისთვის, ახლანდელ „მუსტანგს“ შესაბამისად 12.38 და 8.11 ლიტრი ჰყოფნის. თუ ძრავს ავტომატური კოლოფი უკავშირდება, მაშინ ავტომობილს ქალაქში ასი კილომეტრის გასავლელად 12.38 ლიტრი საწვავი ესაჭიროება, მაგისტრალზე კი – 8.4 ლიტრი.

დაბოლოს, 5.0-ლიტრიანი V8 კოიოტით აღჭურვილი ვერსია, რომელსაც 435 ცხენის ძალა და 542 ნიუტონმეტრი ემსახურება. როცა ძრავთან 6-საფეხურიანი მექანკური კოლოფია დაკავშირებული, ავტომობილს ქალაქში ასი კილომეტრის გასავლელად 15.68 ლიტრი ბენზინი სჭირდება, მაგისტრალზე კი ხარჯი მხოლოდ 9.41 ლიტრია. ავტომატური კოლოფის შემთხვევაში, მაგისტრალზე ხარჯი იგივეა, ქალაქში კი 14.7 ლიტრია.

სხვათა შორის, ახალი „მუსტანგის“ წარმოებაც დაწყებულია და მასზე ცისფერი ოვალი უკვე შეკვეთებსაც ღებულობს. ამერიკის ბაზარზე, საბაზო ვერსიის ფასი 24 425 დოლარია.