განსაკუთრებით საშიშია წვიმის დასაწყისი, როდესაც გზაზე არსებული მტვერი და წყალი ქმნის სრიალა აპკს. ასეთ გზაზე საშიშია მკვეთრი დამუხრუჭება და მაღალი სიჩქარით მოძრაობა მოსახვევებში, რაც ავტომობილის მოცურების მიზეზი შეიძლება გახდეს. გარკვეული დროის შემდეგ სრიალა აპკი გადაირეცხება და გზა ნაკლებად საშიში ხდება.

გაითვალისწინეთ, რომ წვიმაში ხუნდები და ზოგადად სამუხრუჭე მექანიზმის დეტალები სველდება და გაჩერების მანძილი დაახლოებით ერთნახევარჯერ იზრდება. ამიტომ მოერიდეთ მაღალი სიჩქარით მოძრაობას.

გზაზე არსებულ ჩაღრმავებებში გროვდება წყალი და წარმოიქმნება გუბეები. გუბეში გავლისას ბორბლებზე წარმოიქმნება დიდი წინააღმდეგობის ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება საბურავის ბრუნვას. განსაკუთრებით საშიშია როდესაც ავტომობილის ერთი მხარე გაივლის გუბეში. ამ დროს წარმოიქმნება ცალმხრივი წინააღმდეგობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტომობილის შემობრუნება. ამ მოვლენის დროს უმეტეს შემთხვევაში ავტომობილი ხდება უმართავდი და თავიდან ასაცილებლად გუბეში გავლამდე შეამცირეთ სიჩქარე. ზოგადად სასურველია მოერიდოთ გუბეში გავლას, რადგან იგი შეიძლება ფარავდეს ღრმა ორმოს და მასში სწრაფად გავლამ შესაძლებელია გამოიწვიოს ავტომობილის საკიდარის საკმაოდ სერიოზული დაზიანება.

სველ გზაზე სწრაფად მოძრაობისას შეიძლება წარმოიშვას მოვლენა, რომელსაც აკვაპლანირება ეწოდება. აკვაპლანირება არის მოვლენა, რომელიც წარმოიქმნება სველ სავალ ნაწილზე ბორბლების დიდი სიჩქარით მოძრაობისას, როცა საბურავი ვერ ასწრებს წყლის დაწურვას მათი შეხების ზედაპირიდან. ამ დროს ავტომობილი სრიალებს და იქმნება მისი გზიდან გადასვლის საშიშროება. ამის მიზეზებია – მაღალი სიჩქარე, გაცვეთილი პროტექტორი და დაბალი წნევა საბურავებში.

aquaplaning

თუ გარეთ ძლიერად წვიმს და მაინც გიწევთ ავტომობილით გამგზავრება, მაშინ დიდი სიფრთხილის გამოჩენა და გარკვეული რჩევების გათვალისწინება გმართებთ. რთული საგზაო მოძრაობისას უსაფრთხოების დასაცავად საჭიროა ზუსტად იცოდეთ წვიმის დროს მართვის თავისებურებები:

  • არ მიხვიდეთ თქვენს წინ მყოფ ავტომობილთან ძალიან ახლოს, რადგან მისი საბურავებიდან გადმოსროლილი ჭუჭყი არ მოხვდეს თქვენს საქარე მინას.
  • სიჩქარე შეანელეთ გუბეების წინ. რაც საჭიროა იმისათვის, რომ შესხმულმა წყალმა არ დაგაკარგვინოთ გზის ხედვა და ასევე შესაძლებელია წყლის ქვეშ დიდი ორმო მდებარეობდეს. წყალს სამუხრუჭე ხუნდებში მოხვედრის შედეგად შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მუხრუჭის ეფექტურობა. ამიტომ გუბეში გავლის შემდეგ, რამდენჯერმე რბილად დაამუხრუჭეთ, რათა გააშროთ ხუნდები.
  • გვერდითი ფანჯრები ჯობს, რომ თითქმის ბოლომდე გქონდეთ აწეული, რადგან შემხვედრი ან გადამსწრები ავტომობილიდან გადმოსხმული წყალი არ მოხვდეს თქვენი ავტომობილის სალონში. ეს არა მარტო არაკომფორტულია, არამედ იწვევს ცმირე დროით კონტროლის დაკარგვას.
  • ძლიერი წვიმის დროს ჩართეთ არა მარტო გაბარიტული სინათლეები, არამედ ახლოს მნათი ფარებიც.
  • სიჩქარე შეარჩიეთ მხედველობის დონის მიხედვით. უცბად არ დაამუხრუჭოთ და არ შეიცვალოთ მოძრაობის ზოლი. გახსოვდეთ, რომ სხვები გხედავენ ცუდად. ცუდი ხედვის დროს სასურველია გადასწრებებისგან თავის შეკავება.