მერსედეს-ბენცის G-კლასის უგზოობის ავტომობილი რომ გამძლე და საიმედ ავტომობილია, ისედაც ყველამ კარგად იცის. მაგრამ ვინ წარმოიდგენდა, თუ ამ ავტომობილით მთელი მსოფლიოს მოვლა, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე მანძილზე 2.2-ჯერ მეტის გავლა იქნებოდა შესაძლებელი. ამ მოგზაურობაში 26 წელი გავიდოდა და ამ დროის განმავლობაში, ავტომობილი ეკიპაჟის წევრების მიერ ჩატარებულ მომსახურებას და რემონტს დასჯერდებოდა.

1988-Mercedes-G-Class

სწორედ ეს შეძლო 77 წლის გერმანელმა ინჟინერმა გიუნტერ ჰოლტორფმა და მისმა აწ უკვე გარდაცვლილმა მეუღლე კრისტინმა. მათმა ეკიპაჟმა, 1988 წელს გამოშვებული „მერსედეს-ბენც 300GD-ით“, რომელიც დიზელის ძრავითაა აღჭურვილი, 850 000 კილომეტრი გაიარა. ანუ, მანძილი მთვარემდე იქით-აქეთ და პლუს დაახლოებით 80 000 კილომეტრი.

ამ მანძილს ბევრი ავტომობილი გადის, მაგრამ ძირითადად ქალაქში. ჰოლტორფის G-კლასმა კი 26 წელიწადში 215 ქვეყანა მოიარა! ამასთან, გავლილი მანძილიდან 250 000 კილომეტრზე მეტი უგზოობაში იარა. მოგზაურობის დროს, თან იმაზე დაახლოებით 500 კილოგრამით მეტი ტვირთი დაჰქონდა, რაც ამ ავტომობილისთვის არის გათვალისწინებული. თვალსაჩინოებისთვის, „მერსედეს-ბენცი“ განმარტავს, რომ უგზოობის პირობებში, ასეთი ტვირთით გავლილი 250 000 კილომეტრი, 2.5 მილიონი კილომეტრის ტოლფასია, რომელსაც ის ცენტრალური ევროპის პირობებში გაივლიდა.

G-Class

„1988 წელს, როცა მე ეს ავტომობილი შევიძინე, სკეპტიკურად აღვიქვი „მერსედს-ბენცის“ დაპირება, რომელიც ასე შეიძლება გადმოგცეთ – „სადაცაა G, იქ გზაცაა“. ბევრგან ნამყოფი ვიყავი და ისეთი გზები მინახავს, ვერ წარმოვიდგენდი, იქ რა მანქანას უნდა გაევლო.“, – ყვება ჰოლტორფი, ვინც თავის ავტომობილს „ოტო“ დაარქვა.

ჰოლტორფის სკეპტიკურობის მიუხედავად, G-კლასმა სწორედ ის ხასიათი გამოავლინა, რომელმაც ამ ავტომობილს მსოფლიოში გაუთქვა სახელი. როგორც ჰოლტორფი ამბობს, ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგაც, ავტომობილს ძრავი და ძრავი, ტრანსმისია და ღერძები ორიგინალური აქვს. საღია მზიდი ჩარჩოც და ძარაც. ავტომობილი, რომლის დახმარებითაც მისი მფლობელი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, „მერსედეს-ბენცის“ მუზეუმში, ხვალიდან კლასიკური ავტომობილების სექციაში გამოიფინება.

სიმბოლურია, რომ ახლახანს G-კლასს გამოშვებიდან 35 წელი შეუსრულდა. და ამ თარიღის აღსანიშნავად, „დაიმლერის“ მთავარმა აღმასრულებელმა დიტერ ცეტშემ გამოაცხადა, რომ „მერსედეს-ბენცი“ გააგრძელებს G-კლასის წარმოებას.